вторник, 20 января 2009 г.


მე ვარ ინა იაზბარიანი, დავითის ასული, წარმოშობით გორიდან. ჩემი ნამდვილი სახელი ალინაა, რომელიც დედიკომ ბებიის საპატივსაცემოდ დამარქვა. მაგრამ ამ სახელს ვერავინ მეძახდა და პაპის რჩევით ინა დამიძახეს. მე ძალიან მომწონს ჩემი სახელი და მინდა ყველა ინას მეძახდეს.
ინა ახალი ნასესხებია ევროპულიდან, სადაც ადრე გავრცელებული ყოფილა კაცის სახელადაც. უკავშირდება ლათინურს და თარგმნიან, როგორც ,, ნიაღვარი", მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა და წარმომავლობა უცნობია.
ცნობილია წმინდა მოწამე ინა, რომელიც წმინდა რიმასთან და წმინდა პინასთან ერთად ,ანდრია მოციქულის მოწაფეები იყო, წარმოშობით სლავები, სამხრეთ სკვითიიდან.
ისინი სახარებას ქადაგებდნენ ბარბაროსთა შორის, მრავალი მოაქციეს და მონათლეს. ამისთვის ადგილობრივმა მთავარმა წმიდანები შეიპყრო და მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. მხნე აღმსარებლებმა არ უარყვეს ქრისტე. იმ ხანებში სასტიკი ზამთარი იდგა. მდინარეები ისე იყო მოყინული, რომ მასზე მხოლოდ ადამიანებს კი არა, საზიდრებიან ცხენებსაც შეეძლოთ გადასვლა. მთავარმა ბრძანა, ყინულჭრილში გრძელი ძელები ჩაედოთ, წმიდანები მათზე მიებათ და ნელ-ნელა ჩაეშვათ გათოშილ წყალში. როცა ყინულმა მოწამეთა კისრებს უწია, საშინელი ყინვით გატანჯულმა მარტვილებმა სული უფალს შეჰვედრეს.
ინა ინარიძე პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ფერეიდანში იმოგზაურა ქართული ფოლკლორის ჩასაწერად.















ნ ი კ ა

მე ნიკოლოზ ზოზიაშვილი ვარ.. ვცხოვრობ და ვსწავლობ ქალაქ გორში. ეს სახელი მამიკომ დამარქვა წმინდა ნიკოლოზის საპატივსაცემოდ. ჩვენს ოჯახში პირველი ადამიანი ვარ, ვისაც ეს სახელი ჰქვია.მოფერებით ნიკას მეძახიან.
მე ძალიან გამეხარდა ,როცა ვერიკო მასწავლებელმა ამ პროექტის შესახებ გვიამბო. დავინტერესდი წმინდა ნიკოლოზის ისტორიით.

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი (IVს.)
ხსენება 6(19) დეკემბერი



წმიდა ნიკოლოზი წარმოშობით ლუკიიდან იყო. მისი მშობლები დიდი ხნის განმავლობაში ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი ებოძებინა. მათ აღთქმა დადეს, რომ თუ ძე შეეძინებოდათ, ბავშვს უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. მართლაც, უფალმა შეისმინა მორწმუნე მშობლების თხოვნა და მათ ვაჟი შეეძინათ. ჩვილს სახელად ნიკოლოზი დაარქვეს, რაც მძლეველს ნიშნავს.

დედამისი დიდი ხნის მანძილზე ავადმყოფობით იტანჯებოდა, მაგრამ ბავშვის დაბადებისთანავე განიკურნა. ნათლობის დროს ახალშობილი, ღვთის შეწევნით, სამი საათის განმავლობაში წმიდა ემბაზში ფეხზე იდგა. წმიდანმა მარცვა ყრმობიდანვე დაიწყო; ჯერ კიდევ ჩვილი ნიკოლოზი ოთხშაბათსა და პარასკევს დედის რძეს მხოლოდ საღამოს ლოცვის დამთავრების შემდეგ იღებდა. ბავშვობიდანვე გულმოდგინედ სწავლობდა საღმრთო წერილს, მთელ დღეებს ტაძარში ატარებდა. ასეთი გულმოდგინებით მოიპოვა მან უფლის რწმენა და სიყვარული და ქალაქ პათარის ეპისკოპოსიც გახდა. მთელი ცხოვრება ემსახურა მართლმადიდებელ ეკლესიას.

იგი სიცოცხლეში ბევრ სასწაულს ახდენდა: კურნავდა სნეულებს, ანუგეშებდა მწუხარე ავადმყოფებს, აპურებდა ქვრივ-ობლებს, ადამიანთა შორის ბოროტებასა და შუღლს ამარცხებდა, ყველა კეთილ თხოვნას აღასრულებდა. წმიდა ნიკოლოზი დღესაც შეგვეწევა, თუ მთელი გულით ვთხოვთ დახმარებას. წმიდა ნიკოლოზის დღესასწაული ყოველი წლის 19 დეკემბერსა და 21 მაისს აღინიშნება.